თუ ორსულად ხარ, ალბათ ბევრს კითხულობ. როგორ უნდა დაიძინოს ბავშვმა.
როგორ უნდა იკვებოს. რა უნდა იყიდო. მეც ასე ვიყავი.
მერე ბავშვი დაიბადა და ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ არავინ მომამზადა იმისთვის, თუ რა ცვლილებებს ექნებოდა ადგილი ჩემს სხეულთან მიმართებაში.
თუ ახლა მშობიარობისთვის ემზადები, ერთი რამ თავიდანვე იცოდე:
ნორმალური მხოლოდ ერთი რამ არის — ცვლილება.
ყველა დედა ამ პერიოდს განსხვავებულად გადის. ყველა ბავშვიც განსხვავებულია. ზოგ დედას ბევრი რძე აქვს, ზოგს — ცოტა. ზოგი ბავშვი მშვიდად იძინებს, ზოგი — საერთოდ არა. ზოგი დედა სწრაფად აღდგება, ზოგს მეტი დრო სჭირდება.
და ეს ყველაფერი ნორმალურია.
🩸 სისხლდენა და გამონადენი
მშობიარობის შემდეგ სისხლდენა თითქმის ყველა დედას აქვს, თუმცა მისი ხანგრძლივობა და ინტენსივობა ძალიან განსხვავდება. ზოგისთვის ის რამდენიმე კვირაში თითქმის სრულდება. სხვებისთვის შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. პირველ დღეებში შესაძლოა მცირე კოლტებიც შეგხვდეს. ასევე ნორმალურია, რომ გამონადენის ფერი დროთა განმავლობაში შეიცვალოს.
ჩემთვის პირადად სისხლდენა ბევრად მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. დაახლოებით ორ კვირაში დასრულდა. თუ შენი გამოცდილება ჩემსას არ ჰგავს, ეს არაფერს ნიშნავს.
მშობიარობის შემდეგ „ნორმალურის“ დიაპაზონი ძალიან ფართოა.
⚠️ თუ გაქვს ძალიან ძლიერი სისხლდენა, დიდი ზომის კოლტები, მაღალი ტემპერატურა, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი ან მზარდი ტკივილი, აუცილებლად დაუკავშირდი ექიმს.
🤰 მუცლის ტკივილი და საშვილოსნოს შეკუმშვა
ერთ-ერთი პირველი რამ, რამაც გამაკვირვა, იყო ის, რომ მშობიარობის შემდეგაც მქონდა შეკუმშვების მსგავსი ტკივილები. გულწრფელად რომ ვთქვა, მეგონა ეს ეტაპი უკვე გავლილი მქონდა. ზოგისთვის ეს მენსტრუალურ ტკივილებს ჰგავს, ზოგისთვის კი მოულოდნელად ძლიერიც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით ხშირად ეს ტკივილი ძუძუთი კვების დროს ძლიერდება.
ამის მიზეზი ოქსიტოცინია — ჰორმონი, რომელიც როგორც რძის გამოყოფას, ისე საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს. სწორედ ეს შეკუმშვები ეხმარება საშვილოსნოს, ნელ-ნელა დაუბრუნდეს ორსულობამდელ ზომას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა უსიამოვნო იყოს, ეს პროცესი რეალურად აღდგენის ნაწილია. საბედნიეროდ, ეს შეგრძნება მუდმივი არ არის და უმეტეს შემთხვევაში პირველ დღეებში ყველაზე ძლიერია, შემდეგ კი თანდათან სუსტდება. უმეტეს შემთხვევაში ეს სრულიად ნორმალურია.
🚽 მოშარდვა, კუჭის მოქმედება და შეხორცება
ბევრს პირველი მოშარდვის ეშინია. აქ მთავარია იცოდე, როგორ გაიმარტივო ეს პროცესი.
ამ საკითხში, ჰიგიენური შხაპი ან პერი ბოთლი უდიდესი შვების მომტანია. თბილი წყალი ბევრ ქალს მოდუნებაში ეხმარება და ასევე წვის შეგრძნებისგან იცავს. პირველ დღეებში, განსაკუთრებით თუ ნაკერები გაქვს ან ქსოვილები გაღიზიანებულია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე ბევრს აშინებს პირველი კუჭის მოქმედება. ეს მართლაც ძალიან უცნაური მომენტია და მის გასამარტივებლად შესაძლოა განავლის დამარბილებელი საშუალებებით ისარგებლო. ზოგ შემთხვევაში კი უბრალოდ გაბედვაა საჭირო.
კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული პრობლემა ბუასილია. ზოგ ქალს ის ორსულობის დროს უჩნდება ნაყოფის დაწოლის გამო, ზოგს კი მშობიარობის შემდეგ, ჭინთვების გამო. დისკომფორტი, ტკივილი ან სისხლდენა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ ხშირია, თუმცა საბედნიეროდ, უმეტეს შემთხვევაში დროთა განმავლობაში უმჯობესდება.
თუ ნაკერები გაქვს, ნორმალურია:
• მგრძნობელობა
• დაჭიმულობის შეგრძნება
• მსუბუქი წვა
• ჯდომისას დისკომფორტი
პირველ დღეებში ძალიან დაგეხმარება:
• ერთჯერადი გამაგრილებელი (ყინულის) საფენები — ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად
• ზრდასრულთა ერთჯერადი საცვალი — რომელიც უკომფორტულესია მშობიარობის შემდეგ რეაბილიტაციისთვის
• სისუფთავისა და სიმშრალის შენარჩუნება — დაბანის შემდეგ ამის უზრუნველსაყოფად მე პირადად თმის ფენიც კი მიხმარია :)
💡 MomLab-ის შენიშვნა
თუ ბუასილისთვის მალამოს, სანთლებს ან სხვა მედიკამენტს იყენებ, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციას ნუ დაეყრდნობი. ყოველთვის თავადაც გადაამოწმე წამლის ინსტრუქცია და დარწმუნდი, რომ პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად ნებადართულია.
ასევე ნორმალურია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხველის, ცემინების ან ძლიერი სიცილის დროს შარდის შეკავება გაგიჭირდეს. ეს ბევრ ქალს ემართება და ხშირად დროთა განმავლობაში უმჯობესდება.
⚠️ გაითვალისწინე, განსაკუთრებით პირველ დღეებში, რომ თუ ტკივილი ძლიერდება, ჭრილობა წითლდება, ჩნდება გამონადენი ან სიცხე, სასწრაფოდ დაუკავშირდი ექიმს.
🪞 უცნაური, მაგრამ ხშირი ცვლილებები
ზოგი რამ საერთოდ არავის უხსენებია ჩემთვის.
მაგალითად:
• ღამის და/ან ზოგადი ოფლიანობა
• მკერდის გადავსებისას სიმხურვალის შეგრძნება
• ხელების გამოშრობა და დახეთქვა
• კანის სიმშრალე
• შეშუპება
• თმის ცვენა
• დაბინდული აზროვნება და გულმავიწყობა
ჰორმონალური ცვლილებებისა და მუდმივი დაღლილობის ფონზე სხეული ზოგჯერ საკმაოდ უცნაურ სიგნალებს გვიგზავნის.
ბევრ დედას რამდენიმე თვის შემდეგ თმის ცვენაც ეწყება. გარკვეული რაოდენობის თმის ცვენა სავსებით ნორმალურია. ბევრი დედა ამ პერიოდში ორგანიზმს პოსტნატალური ვიტამინების მიღებით ეხმარება, თუმცა თმის ცვენა ხშირად ჰორმონალური პროცესის ნაწილია და ვიტამინების მიუხედავადაც შეიძლება განვითარდეს.
💡 MomLab-ის გამოცდილება
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი რამ ხელების გამოშრობა და დახეთქვა გახდა. რაც გარდა მექანიკური გამაღიზიანებლებისა, ჰორმონალური ცვლილებებითაც იყო გამოწვეული. ამისთვის ძუძუს თავების ნახეთქების მალამოს ვიყენებდი ხელებზე და დახეთქილ კანს ფრჩხილების ქლიბით ვიშორებდი.
ასევე მოულოდნელი იყო მუდმივი გულმავიწყობა, რაც დღემდე პრობლემად მრჩება. დღემდე ბევრ რამეს ვიწერ, რადგან საკუთარ მეხსიერებას ბოლომდე არ ვენდობი. საბედნიეროდ, ამ ცვლილებების უმეტესობა დროთა განმავლობაში უმჯობესდება.
😴 გამოუძინებლობა და "გადარჩენის რეჟიმი"
თუ მშობიარობამდე მკითხავდნენ, როგორ წარმოვიდგენდი გამოუძინებლობას, პასუხი ახლოსაც არ იქნებოდა რეალობასთან.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს შეეძლო კვირების განმავლობაში დღეში ერთი-ორი საათი ეძინოს და მაინც ფუნქციონირებდეს.
პირველი კვირები ხშირად გადარჩენის რეჟიმს ჰგავს.
აჭმევ - უცვლი საფენს - აძინებ - და მერე ყველაფერი თავიდან იწყება.
შენი ძილისთვის დრო თითქმის არ რჩება. ყველაზე რთული კი ის არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც უნდა ფუნქციონირებდე.
უნდა ჭამო, უნდა იფიქრო, უნდა მიიღო გადაწყვეტილებები, უნდა მოუარო ბავშვს. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, რომ საკუთარ თავსაც კი ვერ ცნობ.
ბევრ ბავშვს მხოლოდ მშობელზე ან მშობელთან ახლოს სურს ძილი. ეს სრულიად ნორმალური ქცევაა, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო საძილე გარემო მყარი ზედაპირია, ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა რბილი ნივთების გარეშე.
💡 MomLab-ის გამოცდილება
სიმართლე რომ გითხრა, პირველ კვირებში იყო მომენტები, როცა უბრალოდ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბავშვს დაეძინა.
ზოგჯერ იდეალური გადაწყვეტილებები აღარ არსებობს — არსებობს მხოლოდ ცუდი და ნაკლებად ცუდი გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ თუ დახმარების მიღების შესაძლებლობა გაქვს, გამოიყენო. დახმარების თხოვნა სისუსტე არ არის. ეს გადარჩენის სტრატეგიაა.
🤱 ძუძუთი კვება შეიძლება მშობიარობაზე რთულიც კი აღმოჩნდეს
ეს ალბათ ყველაზე საკამათო თემაა და ბევრი დედისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულიც.
ხშირად გაიგებ ფრაზებს: "რძე ყველას ჰყოფნის.", "ცოტა რძე არ არსებობს.", "ბევრი აწოვე და რძე მოგივა." სამწუხაროდ, რეალობა ყოველთვის ასე მარტივი არ არის.
ზოგ დედას რძე უხვად აქვს. ზოგს — ნაკლებად. ზოგს კი, მიუხედავად დიდი მონდომებისა და მცდელობისა, დამატებითი დახმარება ან ფორმულაც სჭირდება.
ჩემთვის პირადად ძუძუთი კვება ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან რძე ცოტა მქონდა, ბავშვის ძუძუთი კვების სურვილი კი უზარმაზარი. ამიტომ ძუძუთი კვება ჩემთვის ნამდვილ ბრძოლად იქცა. საბოლოოდ შევძელი, რომ ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, თუმცა ეს მარტივი გზა ნამდვილად არ ყოფილა. ამ გამოცდილებაზე ცალკე სტატიაში მოგიყვები.
მანამდე კი მოდი ვნახოთ, რა არის ნორმალური ძუძუთი კვების დროს.
დედებისთვის ხშირად მოულოდნელია, რომ ბავშვს შეუძლია საათობით ეკიდოს ძუძუზე და იკვებოს. ეს ე.წ. Cluster Feeding ახალშობილებში სრულიად ნორმალურია. ეს განსაკუთრებით ზრდის დღეებში მძაფრდება და ბავშვები უფრო ხშირად ან უფრო დიდხანს წოვენ ძუძუს.
ასევე ნორმალურია:
• ძუძუს თავის მგრძნობელობა
• კანის დახეთქვა
• დისკომფორტი
• ადაპტაციის პერიოდი
ხშირად ბავშვის მოჭიდებაა პრობლემა, ან ლაგამი, ან კვებისას ბავშვის არასწორი პოზიცია. ლაქტაციის კონსულტანტს ხშირად შეუძლია ასეთი პრობლემების დანახვა და მათ გადაჭრაში შენი დახმარება.
ნაკლებად ცნობილია, რომ ზოგ დედას ძუძუთი კვების დროს უეცარი სევდა, შფოთვა ან უსიამოვნო ემოციებიც შეიძლება დაეუფლოს. თუ მსგავსი რამ შეგემთხვა, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. მთავარია, თუ გიჭირს, დახმარების თხოვნა არ გადადო.
⚠️ თუ მკერდი გაგიწითლდა, გაქვს მაღალი სიცხე, გამცივნებს ან ტკივილი გიუარესდება, აუცილებლად დაუკავშირდი ექიმს ან მამოლოგს — ეს შესაძლოა მასტიტის ნიშნები იყოს.
❤️ თუ ძუძუთი კვება არ გამოდის
ესეც ნორმალურია.
ბავშვს სჭირდება მშვიდი დედა. ბავშვს სჭირდება დედა, რომელიც თავს კარგად გრძნობს.
თუ გინდა ძუძუთი კვება — სცადე.
თუ ფორმულა გჭირდება — გამოიყენე.
თუ შერეული კვება მუშაობს — ესეც შესანიშნავია.
დედები ხშირად საკუთარ თავს ყველაზე მკაცრად განსჯიან. არადა რეალობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სოციალური ქსელები გვაჩვენებს. ზოგჯერ ყველაფერი სცადე და მაინც არ გამოდის ისე, როგორც დაგეგმილი გქონდა. ზოგჯერ კი უბრალოდ ხვდები, რომ შენი ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობისთვის სხვა გზა უკეთესია.
არც ერთი ეს სცენარი ცუდ დედად არ გაქცევს.
ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება სიყვარული, უსაფრთხოება და მზრუნველი მშობელი. ის, თუ რძე ძუძუდან მიიღო, ბოთლიდან თუ ორივედან, დედობის ღირებულებას არ განსაზღვრავს.
😭 ემოციები, Baby Blues და შფოთვა
ბევრი დედა მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებულ ემოციურობას განიცდის. შეიძლება ერთ მომენტში ბედნიერებისგან ტიროდე. მეორე წუთში კი სევდისგან. ეს ხშირად ე.წ. Baby Blues-ის ნაწილია და პირველ დღეებში საკმაოდ გავრცელებულია.
ზოგჯერ თავს თითქოს ავტომატურ რეჟიმშიც გრძნობ. აჭმევ. იძინებ. იღვიძებ. ყველაფერი მეორდება.
⚠️ მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ეს ემოციები გარკვეულ ზღვარს თუ გასცდა, ეს უკვე აღარ ითვლება ჩვეულებრივ სევდად.
თუ სევდა, შფოთვა, უიმედობის შეგრძნება ან ემოციური სიცარიელე ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ან ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკუთარ თავზე ზრუნვასა და ბავშვთან ურთიერთობაში ხელს გიშლის, შესაძლოა საქმე უკვე მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან ან შფოთვით აშლილობასთან გვქონდეს.
ეს საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და დახმარების მიღება აუცილებელია. არ დაელოდო, რომ "თავისით გაივლის". დაუკავშირდი ექიმს, ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს და დახმარება რაც შეიძლება მალე ითხოვე. დახმარების თხოვნა ძალის ნიშანია და არა სისუსტის.
🩺 არ დაგავიწყდეს საკუთარი თავიც
ერთი რამ, რაც განსაკუთრებით მომხვდა თვალში, არის ის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მთელი ყურადღება თითქმის მყისიერად პატარასკენ გადადის.
პედიატრი. წონა. კვება. ძილი.
ყველა ბავშვს აკვირდება. დედა კი ხშირად უკანა პლანზე გადადის.
ხანდახან ისეთი შეგრძნებაც კი გაქვს, თითქოს მშობიარობის შემდეგ შენი ჯანმრთელობა აღარავის აინტერესებს. ამიტომ ვალდებული ხარ, შენ თვითონ მაინც საკუთარ თავს არ მოაკლო ყურადღება.
მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აუცილებლად მიაკითხე შენს გინეკოლოგს. ჩაიტარე მშობიარობის შემდგომი კონტროლი. დარწმუნდი, რომ აღდგენა ისე მიმდინარეობს, როგორც საჭიროა.
არ დაგავიწყდეს, რომ შენც იმსახურებ ზრუნვას. შენს პატარას ჯანმრთელი დედა სჭირდება.
⚠️ შენიშვნა
ეს სტატია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო მასალას და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას.
თუ გაქვს ძლიერი ტკივილი, უჩვეულო სიმპტომები ან რაიმე გაწუხებს, აუცილებლად დაუკავშირდი შენს ექიმს.
