რამდენიმე რამ, რისი მოსწრებაც ღირს, სანამ პაწია გაჩნდება


ორსულობის ბოლო კვირებში შენი სია ალბათ ასე გამოიყურება:

საწოლი. ეტლი. ტანსაცმელი. სამშობიარო ჩანთა. საფენები...

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.

მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ ბევრ მშობელს უფრო ის პატარა მომენტები ენანება, რომლებიც გამორჩა.

ის, რომ მუცელთან ფოტოები თითქმის არ გადაუღია.

ის, რომ ორსულობის დროს განცდები არსად ჩაუწერია.

ან ის, რომ რაღაც მარტივი საქმეები, რომლებიც ხუთ წუთს მოითხოვდა, გადადო და მერე ვეღარ მოასწრო.

ეს სია არ არის აუცილებელი საქმეების ჩამონათვალი.

ეს უბრალოდ იდეებია — ისეთი საქმეები, რომელთა გაკეთებაც ახლა ბევრად მარტივია, ვიდრე ბავშვის დაბადების შემდეგ.


❤️ მოგონებებისთვის

✅ დაიწყე ორსულობის პატარა დღიურის წერა

არ არის საჭირო ყოველდღე წერა.

რამდენიმე ჩანაწერიც სრულიად საკმარისია.

როგორ გაიგე, რომ ორსულად იყავი? ვის უთხარი პირველად? როგორ წარმოგიდგენია შენი შვილი? რომელი სახელები განიხილეთ?

დღეს ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბებად გეჩვენება. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეიძლება სწორედ ეს დეტალები აღმოჩნდეს ყველაზე საინტერესო.


✅ დაუწერე პირველი წერილი შენს შვილს

შეიძლება იყოს ერთი აბზაცი.

შეიძლება რამდენიმე გვერდიც.

მოუყევი, როგორ ელოდები. რას უსურვებ. როგორი წარმოგიდგენია თქვენი პირველი შეხვედრა.

დაწერე ყველაფერი, რაც გულში გაქვს.


✅ შექმენი ბავშვის ელფოსტა

ბევრი მშობელი ბავშვის სახელზე ცალკე ელფოსტას ქმნის და დროდადრო წერილებს უგზავნის.

ეს შეიძლება იყოს პირველი წერილი, პატარა ამბები ორსულობიდან, ფოტოები, დაბადების დღეები ან უბრალოდ ემოციები, რომლებიც არ გინდა დაგავიწყდეს.

პრაქტიკული მხარეც აქვს: დღეს ბევრი მარტივი ელ. ფოსტის მისამართი უკვე დაკავებულია. თუ გინდა, რომ ბავშვს მომავალში საკუთარი სახელითა და გვარით ელ. ფოსტა ჰქონდეს, წინასწარ შექმნა ნამდვილად კარგი იდეაა.


📸 ფოტოებისთვის

✅ გადაიღე უფრო მეტი ფოტო ბავშვთან, ვიდრე გგონია, რომ საჭიროა

შეიძლება ახლა საერთოდ არ გინდოდეს კამერის წინ დადგომა.

მაგრამ ბევრ დედას მოგვიანებით უფრო ის ენანება, რომ ცოტა ფოტო აქვს, ვიდრე ის, რომ ბევრი გადაიღო.

უბრალოდ, მარტო ბავშვს ნუ გადაუღებ.

როცა გაიზრდება, მას შენი დანახვაც ენდომება იმ მოგონებებში, რომელსაც ერთად ქმნიდით. ❤️


✅ მოიფიქრე პირველი ფოტოს პატარა დეტალები

ბავშვის პირველი ფოტო ხშირად მთელი ოჯახის საყვარელ მოგონებად იქცევა.

თუ გინდა, წინასწარ მოამზადე:

• სახელის დაფა
• ბარათი დაბადების თარიღისთვის
• განსაკუთრებული ბოდე ან ქუდი
• საყვარელი საბანი

ეს ყველაფერი აუცილებელი არ არის, მაგრამ თუ ასეთი ფოტოს გადაღება გინდა, უმჯობესია წინასწარ იფიქრო.


✅ თუ გინდა ყოველთვიური ფოტოები, მოამზადე ყველაფერი წინასწარ

ბევრ ოჯახს მოსწონს ბავშვის ყოველთვიური ფოტოების გადაღება პირველი წლის განმავლობაში.

ამისთვის ხშირად იყენებენ:

• პლედს, რომელზეც 12 თვეა მითითებული
• ასაკის მაჩვენებელ ბარათებს ან დაფებს
• ხის ნიშნებს
• სპეციალურ ფოტოსეტებს

თუ ასეთი იდეა მოგწონს, სჯობს დაბადებამდე შეარჩიო.


✅ გაითვალისწინე პერსონალიზებული პლედის შეკვეთა

ბოლო წლებში პოპულარული გახდა პლედები, რომლებზეც ბავშვის სახელი, დაბადების თარიღი, წონა და სიმაღლეა დატანილი.

ასეთი პლედები ხშირად პირველი წლის ყოველთვიური ფოტოების გადასაღებად გამოიყენება და შემდეგ ლამაზ სამახსოვრო ნივთად რჩება.

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ მათი შეკვეთა ბავშვის დაბადების შემდეგ მოგიწევს, რადგან სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ყველა საჭირო მონაცემი.

თუ ასეთი იდეა მოგწონს, დიზაინი წინასწარ შეარჩიე და შეკვეთა დაბადების შემდეგ არ გადადო, რათა პირველი თვის ფოტოც იმავე პლედთან ერთად გადაიღო.


✅ მოიფიქრე, გინდა თუ არა ბავშვის ხელისა და ფეხის ანაბეჭდები აღბეჭდო

თუ მათი ანაბეჭდების შენახვა გინდა, შესაბამისი ნაკრების წინასწარ შეძენა კარგი იდეაა.

ჩვენ გირჩევდით უკონტაქტო ვარიანტს, სადაც მელანი ბავშვის კანს საერთოდ არ ეხება და მხოლოდ ხელის ან ფეხის მსუბუქი შეხებაა საჭირო.

რამდენიმე თვეში გაგიკვირდება, თურმე რამდენად უფრო პაწაწინა იყო ხელები და ფეხები, რომლებიც დღესაც კი ასე პატარად გეჩვენება. 👣


📱 ტელეფონისთვის

✅ გაათავისუფლე ადგილი ტელეფონში

ეს ალბათ ყველაზე არარომანტიკული რჩევაა ამ სიაში.

მაგრამ ძალიან პრაქტიკულია.

ბავშვის დაბადების შემდეგ ფოტოებისა და ვიდეოების რაოდენობა საოცარი სისწრაფით იზრდება.

სანამ დრო გაქვს, გაასუფთავე არასაჭირო ფაილები და გადაამოწმე, საკმარისი მეხსიერება გაქვს თუ არა.

დამიჯერე, წინ რა საოცარი მომენტებიც გელოდება, მათი გამოტოვება ნამდვილად არ გენდომება.


✅ წინასწარ ჩამოტვირთე რამდენიმე სასარგებლო აპლიკაცია

კარგი იდეაა წინასწარ ჩამოტვირთო რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც ორსულობისა და ბავშვის პირველ თვეებში ცხოვრებას გაგიმარტივებს.

მაგალითად, ორსულობის პროგრესის აპლიკაცია, მოვლითი ტკივილების წამზომი (ტაიმერი), ბავშვის რუტინის სამართავი აპლიკაცია კვებებისა და ძილის მოსანიშნად.

ამ თემას ცალკე სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ. წასაკითხად მიჰყევი ბმულს.


🏡 სახლისთვის

✅ მოაწყვე ბავშვის პირველი აფთიაქი

ყველაფერს წინასწარ ვერ იყიდი.

მაგრამ რამდენიმე ძირითადი ნივთის ქონა სიმშვიდეს ნამდვილად მოგიტანს.

მაგალითად:

• თერმომეტრი
• ფიზიოლოგიური ხსნარი
• ცხვირის ასპირატორი
• საფენქვეშა კრემი

ცალკე სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რა შეიძლება შედიოდეს ახალშობილის პირველ აფთიაქში. წასაკითხად მიჰყევი ბმულს.


✅ შექმენი მოგონებების ყუთი

ერთი პატარა ყუთიც საკმარისია, იმისათვის რომ პატარა, მაგრამ ძვირფასი მოგონებები შეინახო.

შეინახე:

• ექოსკოპიის ფოტოები
• სამშობიაროს სამაჯური
• პირველი ტანსაცმელი
• პირველი საწოვარა
• ჭიპლარი
• მუცლის თმის კონა

და სხვა პატარა ნივთები, რომელთა შენახვაც მოგინდება.


🎙️ მომავალი საკუთარი თავისთვის

✅ ჩაიწერე შენი ხმა

ეს იდეა ბევრ ადამიანს თავში არც მოსდის.

ჩართე ტელეფონის ჩამწერი და ცოტა ხანი ილაპარაკე.

მოუყევი შენს მომავალ შვილს:

• როგორ გრძნობ თავს
• რას ელოდები
• რაზე ნერვიულობ
• რა გახარებს

შესაძლოა წლების შემდეგ სწორედ ეს ჩანაწერი აღმოჩნდეს ყველაზე ძვირფასი.


✅ გადაიღე ვიდეო დღევანდელი ცხოვრებიდან

შემოიარე სახლი.

აღბეჭდე ბავშვის კუთხე, თუ უკვე მზად არის.

მოუყევი კამერას, როგორი არის თქვენი ცხოვრება ახლა.

რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ვიდეოები ხშირად გაცილებით საინტერესოა, ვიდრე დადგმული კადრები.


❤️ და ბოლოს

თუ ამ სიიდან არაფერს გააკეთებ, არაფერი მოხდება.

მაგრამ თუ რომელიმე იდეამ გაფიქრებინა:

„ეს ალბათ კარგი მოგონება იქნება.“

დიდი შანსია, რომ ახლა მისი გაკეთება ყველაზე სწორი დრო იყოს.